კესა პოლიკლინიკაში: ანუ დიაბეტი უშაქროდ. 💉

პოლიკლინიკისკენ ისეთი თავდაჯერებული ნაბიჯებით მივემართები აშკარად მეტყობა, რომ ძალდატანებულია. კარს ვიღაც მეკობრესავით ცალთვალახვეული ბიჭი მიღებს და ძლივს ვხვდები, რომ ჩემი ნაცნობია.

– რა დაგემართა?

– იმდღეს მცემეს და თვალი გადმომიტრიალეს. შენ რა გინდა აქ? – ვაფასებ მის გულწრფელობას და ვპასუხობ, რომ ანალიზებზე ვარ.

– მიხედე თავს ახალგაზრდა გოგო ხარ. მიგაცილო კაბინეტამდე? – შარს ეძებს და მეც კიდევ უფრო თავდაჯერებულად და კიდევ უფრო მარტო მივდივარ დიიიიიდი რიგისკენ, სადაც ყველა იმაზე ნერვიულობს ხვალ ექიმი რას ეტყვის.

რა თქმა უნდა, რაღა თქმა უნდა ვენის უშედეგო ძებნის და რამოდენიმე აცდენილი ჩხვლეტის შემდეგ, რომელიც ნასვამი ადამიანის, გასაღების და კლიტის ურთიერთქმედებას მახსენებს ვენას პოულობენ და კაბინეტიდან განადგურებული გამოვდივარ. ცოტათი გასისხლულიც და თავდაჯერებული ნაბიჯებიც ჩემს მილიგრამობით სისხლს გავატანე. ნაცნობი მეკობრე აქაც მხვდება.

– ვააააა, გერაინზე დამოკიდებულს გავხარ. – სისხლით გაჟღენთილ ბამბაზე მიმითითებს, რომელსაც შესაშური ზეწოლით არ ვაცილებ ნაჩხვლეტს. ისე იცინის ხათრს ვერ ვუტეხ და გულგრილად ვუღიმი, თან ვფიქრობ ხელი, რომ გავშალო სისხლის შადრევნის გაჩენის ვარიანტი რამდენად დიდია.

კაფეტერიისკენ მივდივარ და შუშის იქით ჩამწკრივებულ საკვებში მაკარონს ვხედავ. ვყიდულობ და უახლოესი მაგიდისკენ მივექანები, რომ ორი ლუკმა გადავყლაპო, მერე კიდევ ერთხელ ვისისხლავო და სახლში წავიდე.

სწორედ ამ დროს შემოდის კაფეტერიაში გიორგი. დედასთან ერთად. აშკარად ჩემზე დიდია ასაკით, დედამისი ქორივით ეძებს ცარიელ ადგილს. ბიჭი მაკვირდება და მეც ვუყურებ. თან ვფიქრობ, თუ ადამიანი გიყურებს სრული უფლება გაქვს შენც დააკვირდე. რაღაც, მომენტში მბეზრდება და ჩემს უგემურ მაკარონს ვუბრუნდები, რომელსაც ერბოს გემო დაკრავს და ჭიაყელების დიდ გროვას გავს. სანამ თავს ვაჯერებ, რომ ჰიპოკრატეს და დედიკოს ხათრით უნდა ვჭამო, ჩემს წინ სკამი იწევა და ორი წყვილი თვალი მაკვირდება.

– გამარჯობა. – ბიჭის დედაა. ვბრაზდები. ამხელა ბიჭია და პოლიკლინიკაში დედასთან ერთად დადის. რა სისულელეა?! მერე მახსენდება, რომ ეს შეიძლება გაუცნობიერებელი შური იყოს. სანამ მე მარტო ვარ და ერბოიან ჭიაყელებს მივირთმევ, სანამ ჩემი ვენა ნემსს ემალება, სანამ კიდევ ნახევარი საათი მაქვს რიგში მარტო გასატარებელი იქამდე ზრდასრული ბიჭი დედასთან ერთად მშვიდად დასეირნობს.

– გამარჯობა.

– შეიძლება აქ დავსხდეთ? სხვაგან ადგილი არაა და გიორგიმ გადაწყვიტა აქ მოსულიყო. – სხვაგან ადგილის არის, კაფეტერიას თვალს ცინიკური ღიმილით ვავლებ, გიორგი წითლდება და მაინტერესებს შემიძლია თუ არა მისი სახის ფერი პომიდვრის ფერს გავუტოლო. დედამისს ვაიგნორებ.

– გამარჯობა გიორგი. – ინტერესით ვუყურებ, სანამ წელის ჩანთას ისწორებს და ჩაის ჭიქას მაგიდაზე ფრთხილად დგამს.

– გამარჯობა…

– კესანე, კესა მქვია. – მიღიმის და ისაა, პირი უნდა გააღოს და მორცხვი ფრაზები გადმოაფრქვიოს, რომ აქტიური დედამისი ჩემსკენ იწევა და ძალიან ყალბად მიღიმის.

– ლამაზი სახელია. კესა, აქ რა გინდათ? ავად ხარ? – ჩაი ხმამაღლა მოსვა, ნერვული დაბოლოებები მეჭიმება.

– ეჭვია, რომ დიაბეტი მაქვს.

– შაქრიანი? – შეიცხადა.

– არა, უშაქრო. – ვერ ხვდება. ვერც მე ვხვდები ეს რამ მათქმევინა. გიორგი ხვდება ხუმრობას და მორცხვად იცინის. ამასობაში პლასტმასის ჩანგალს ისეთი ძალით ვასობ, მაკარონში, რომ ერთი წვერი ტყდება და ვხვდები, რომ შეიძლება პანიკური შეტევა დამეწყოს და გავიქცე.

– ალბათ იხუმრეთ.

– დიახ, ცუდად. – დამნაშავის სახით ვუყურებ. – შენ რა გინდა აქ გიორგი?

– ოკულისტთან ვარ. – უფრო წითლდება.

– ოფთამოლოგთან ხშირად გვიწევს სიარული. იმხელა რიგია. – დედამისი ამატებს.

– კი, თვალის ექიმებს ბევრი კლიენტი ყავთ. – ისევ ცუდად ვიღიმი. – ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის გიორგი. ფეხზე ვდგები. მაკარონიან თეფშს სანაგვე ურნაში გარტყმით გავდებ და რიგისკენ ბარბაცით მივდივარ.

ჩემზე უფრო დაბნეული ექიმი ჩემს ვენაში დაბორიალობს, სისხლი და კომენტარი, რომ ლამაზი ფერის თმა და ჯანმრთელი ფერის სისხლი მაქვს დაგუბებულ ყურებში აღარ მესმის. მაღაზიაშივე ვხსნი სნიკერსს. თან ფულს ვიხდი, თან ვცდილობ სწრაფად გადავყლაპო პირველი ლუკმა, სანამ თვალებში ქაოტურად მოძრავი შავი წერტილები მთელს არეალს დაფარავენ და გავითიშები. მდგომარეობიდან ოდნავ და მაღაზიიდან საბოლოოდ გამოსული გიორგის და ქალბატონ დედამისს ვხედავ. ერთი გზით მივდივართ.

– რა გითხრა ექიმმა? გაქვს უშაქრო დიაბეტი? – გიორგის ხმაა. მიცინის.

– ხვალ იქნება პასუხები. შენ რა გითხრა ოკულისტმა?

– ოფთამოლოგის თქმით სათვალე დამჭირდება. როგორ ფიქრობ მომიხდება?

– არ ვიცი, არამგონია. – გულწრფელად ვპასუხობ. ეცინება.

– რომელ მიკროში მიდიხარ მანქანით ვარ, აგიყვანდი. – დედამისს არ უყურებს, ალბათ რეაქციის ეშინია.

– მადლობა, გიორგი. აქვე ვცხოვრობ, არაა საჭირო. – დედამისი ჩემი პასუხით კმაყოფილია. სანამ მე გზისკენ გადავუხვევ და გიორგი ავტოსადგომისკენ კიდევ ერთხელ ტრიალდება და მიყურებს.

– ნომერი, რომ გთხოვო ძალიან გაბრაზდები?

– მეგონა, ნომერსაც დედაშენი მთხოვდა. – სახეზე ისევ წითლდება, ძლივს მოკრებილი თავდაჯერებულობა ეცლება და ჩერდება.

– კარგად გიორგი.

– ღმერთო, რამდენი უზრდელი დადის ამ დედამიწაზე. – ქალბატონი დედაა.

მე ვენები მტკივა და ხვალ გავიგებ მაქვს თუ არ მაქვს უშაქრო დიაბეტი. გიორგი ალბათ დედასთან ერთად აღარ მივა პოლიკლინიკაში და შეიძლება იბერიაც გაბრწყინდეს.

Advertisements

Introduction: ანუ ცოტაოდენი ფსიქოლოგიური გეომეტრია 💫

ბავშვობაში ყველა ფიქრობდა, რომ უცნაურთა შორის უცნაური არსება ვიყავი. გარეგნულად განსაკუთრებული არაფერი მჭირდა. მაგრამ, თუ აურის არსებობას დავუშვებთ, მაშინ მსუბუქად ვთქვათ, რომ ხუთი წლის ასაკში ჩემი აურა უცნობებსაც და ნაცნობებსაც აშინებდათ.

გარემოს მიერ მჭიდროდ მოკრული უცნაურობის იარლიყი ადამიანს აიძულებს, რამდენადაც შესაძლებელია ნაკლები იმოქმედოს და ილაპარაკოს. ყოველთვის გაშინებს, რომ ის რაც შენთვის ასეთი ნაცნობი და ჩვეულებრივია სხვის თვალში შენი უცნაურობის ფუნდამენტად იქცევა. და ამ უცნაურობას გავურბოდი. სოციუმში ყოფნის მოთხოვნილება და მის ნაწილად თავის აღქმა ან თვითგადარჩენის ინსტინქტია ან ადამიანების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ახირება. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს მეშინოდა, მეშინოდა აზრის გამოთქმის, ჩემი სურვილების, მოთხოვნილებების. თუმცა “უცნაური” ადამიანებიც სამი ტიპის არიან. პირველი – რომლებიც, საკუთარ უცნაურობას დანაშაულად აღიქვამენ და სტანდარტებს ესწრაფვიან, საკუთარ ინდივიდუალიზმს აქრობენ და მასას ერევიან. მეორე – რომლებიც, უცნაურობით ამაყობენ და ღიად ემიჯნებიან ნორმებს და მესამე – საკუთარ უცნაურობას იღებენ თუმცა მალავენ, ფარავენ, საკუთარ თავში ატრიალებენ.

მე მესამე ტიპის აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ მესმის რით განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან გარდა აზროვნების ჯაჭვისა, რომელიც ასე მგონია, რომ ყველას ისედაც განსხვავებული გვაქვს, მაინც ვიმალები. ბლოგების, ფურცლების, სხვა ადამიანების იქით და ჩემს ‘უცნაურობას’ ჩემთვის ვინახავ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ თუ ყველა ადამიანი გეომეტრიული ფიგურაა და მათი უმრავლესობა კვადრატია, სადღაც ცხოვრობენ მართკუთხედებიც, რომლებიც გაწონასწორებული კვადრატებისგან განსხვავდებიან, მაგრამ მაინც ოთხკუთხედები არიან. 2016 წლის გაზაფხული იყო, ჩემი ვერსია სახურავზე გაწოლილმა მეგობარს, რომ გავუმხილე და დაიმედებით ვკითხე ხომ არ ფიქრობ, რომ მეც მართხკუთხედი ვარ-მეთქი. რაზეც საკმაოდ უცნაური პასუხი მივიღე.

– კესა, მგონი შენ უფრო სამკუთხედი ხარ. – ორივე გავჩუმდით. მე ჩემი სამკუთხედობის ფაქტს ვეგუებოდი. მეგობარი ფიქრობდა, ხომ არ დამაკნინა ხვებზე ნაკლები კუთხეების და გვერდების რაოდენობა, როცა მარგუნა. – მაგრამ, თუ ბევრს მიაღწევ პირამიდა გახდები და სივრცითი ფიგურა იქნები.

გამეცინა.

ორი წელი გავიდა და ისევ ვფიქრობ, რომ ანი (რომელიც, ამჟამად მომავალი მათემატიკოსია) იყო ის ადამიანი, რომელმაც მაიძულა ჩემს პირამიდობაზე მეფიქრა.

და იქამდე სანამ სივრცეებში გავიჭრები – მე კესანე ვარ (კესარია საბუთებით, კესა, კესო ხალხისთვის და კესანე დედის შერქმეული სახელით). დიახ, მე კესანე ვარ, 18 წლის და ეს ჩემი ბლოგია, სადაც ჩემი სამკუთხედოვანი უცნაურობის გამომზეურების მომსწრენი შეგიძლიათ გახდეთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.💫